ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს ხვდება

სასატუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს ხვდება. შეხვედრა ესწრებიან მთავრობის წევრებიც.

როგორც "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იქნება სტრატეგიულ საკითხებზე.

"ბიზნესმენებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მთავრობასთან შეხვედრა. მე მივესალმები ასეთ შეხვედრებს, რადგან ქვეყნის მთავრობა მუდმივ კონტაქტში უნდა იყოს ბიზნესმენებთან. 20 წლის განმავლობაში ბიზნესს სულ პრობლემები აქვს და დროა, ეს პრობლემები აღმოიფხვრას. ქართული ბიზნესი მეტნაკლებად იყო წნეხის ქვეშ, ეს ყველაფერი უკვე დალაგდა და დღეს იქნება უკვე ალბათ, საუბარი სტრატეგიულ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებისთვის", - განაცხადა ხაზარაძემ.

"ბანკ რესპუბლიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილის განცხადებით კი, დღეს იქნება საუბარი რეგულირების საკითხზეც. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს რეგულირება ფაქტობრივად მოშლილი იყო.

ასევე, შეხვედრას ესწრება "ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის პირველი 10 წუთის განმავლობაში ღია იქნება.