ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციაში, სავარაუდოდ, საპატრიარქოც ჩაერთვება

ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციაში, სავარაუდოდ, საპატრიარქოც ჩაერთვება

თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში და ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში , სავარაუდოდ, საქართველოს საპატრიარქოც ჩაერთვება.

ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი აცხადებს.

მიზანდარის განცხადებით, გადაწყვეტილება ამის თაობაზე მასსა და პატრიარქს შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.

"ამ თემაზე ვესაუბრე უწმინდესს, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს წარმომადგენელიც იქნება ჩართული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში", - აცხადებს მიზანდარი.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი სპეციალისტებიც, რისთვისაც ქართული მხარე შესაბამის სახსრებს გამოყოფს.

"ოშკისა და იშხანის რესტავრაცია-რეაბილიტაციას თურქული მხარე ახორციელებს, ამიტომაც დაფინანსებაც იქიდან მოდის. ვფიქრობ, უფრო ლოგიკური იქნება, რომ ქართველი სპეციალისტების პროცესში ჩასართავად შესაბამისი სახსრები ქართულმა მხარემ გაიღოს", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.