პარლამენტში ხვალ ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ

პარლამენტში ხვალ ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ

პარლამენტში ხვალ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. 

"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" პრეზიდენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

პრეზიდენტმა პარლამენტს ფინანსურ ამნისტიაზე საკანონმდებლო ინიციატივა ორი კვირის წინ წარუდგინა. იგი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყდეს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ და სასჯელისგან ის მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.

კანონის მოქმედება, მისი მიღების შემთხვევაში, არ გავრცელდება პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) ისეთი დანაშაულებრივი გზით დააგროვეს, როგორიცაა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები, ასევე არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებულ მოხელეებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე. პროექტის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოეხსნებათ.

ფინანსური ამნისტიის პროექტი დეკლარაციების განადგურებას ითვალისწინებს. სამეწარმეო და ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების ამნისტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციას სთავაზობს.

კანონპროექტის თანახმად, მის ამოქმედებისთანავე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი ან შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.

რაც შეეხება დაფარული ქონების (შემოსავალი) დეკლარირება-ლეგალიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაცია მის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების გზით განხორციელდება.

პრეზიდენტი პარლამენტს "სისხლის სამართლის კოდექსიდან" ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულებთან დაკავშირებული ზოგიერთი მუხლის ამოღებას სთავაზობს. ეკონომიკურ, სამეწარმეო, ფულად-საკრედიტო და საფინანსო სფეროებში უკვე ჩადენილი დანაშაულების ამნისტირების გარდა, მიხეილ სააკაშვილი მათი დეკრიმინალიზაციის წინადადებითაც გამოდის და პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან რიგი მუხლების ამოღების ინიციატივით მიმართავს.

ამავე პროექტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ცალეკულ ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებისა და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების წინადადებით გამოდის.

პრეზიდენტი ზოგიერთ დანაშაულზე თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებების შემსუბუქებასაც ითხოვს და პარლამენტს არსებული სასჯელების შემცირებას რამდენიმე მუხლზე სთავაზობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებული მუხლების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სადღეისოდ მოქმედი ფორმულირებებითა და სანქციებით წინა მთავრობის ინიციატივითა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით არის მიღებული.