ირაკლი ღარიბაშვილი პროექტის

ირაკლი ღარიბაშვილი პროექტის "პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში" პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შსს-ს არქივისა და პოლონეთის საელჩოს თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროექტის "პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში" პრეზენტაციას დაესწრო. 

შსს-ს ცნობით, პროექტის ფარგლებში, შსს-ს არქივში დაცული, პოლონელთა რეპრესიების ამსახველი უნიკალური ფოტო-დოკუმენტების გამოფენა მოეწყო. ნაჩვენები იყო შსს-ს საარქივო მასალებზე დაყრდნობით გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "პოლონური ოპერაცია", რომელშიც XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებზე, ასევე, 30-იან წლებში საქართველოში მცხოვრებ და რეპრესირებულ პოლონელებზეა მოთხრობილი.

პროექტის პრეზენტაცია "ევროპის სახლში" გაიმართა.

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი ერთობლივი პროექტები პოლონელ და ქართველ ერებს კიდევ უფრო დაახლოებს.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე, სტუმრები საქართველოს კულტურის სამინისტროდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
პოლონეთის მხარეს წარმოადგენდნენ: საქართველოში პოლონეთის ელჩი ურშულა დოროშევსკა, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი ლუკაშ კამინსკი და პოლონეთიდან სპეციალურად ჩამოსული, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

შსს-ს არქივზე დაყრდნობით გადაღებული ფილმის ერთ-ერთი გმირია გამოჩენილი პოლონელი მოღვაწე, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი, რომელმაც ქაშუეთის ტაძრის გარკვეული ნაწილი მოხატა. ის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ილუსტრატორია. 68 წლის ჰრინევსკი ჯაშუშობის ბრალდებით 1937 წელს დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლებამ პოლონელ მხატვარს დახვრეტა მიუსაჯა.
პოლონელთა რეპრესიების ამსახველი ფოტო-დოკუმენტების გამოფენა "ევროპის სახლში" ათი დღე გაგრძელდება.