საპარლამენტო უმცირესობა მიესალმება, თუ კომპენსაციებთან დაკავშირებით სამთავრობო და საპრეზიდენტო კანონპროექტები შეჯერდება

საპარლამენტო უმცირესობა მიესალმება, თუ კომპენსაციებთან დაკავშირებით სამთავრობო და საპრეზიდენტო კანონპროექტები შეჯერდება

საპარლამენტო უმცირესობა მიესალმება, თუ კომპენსაციებთან დაკავშირებით სამთავრობო და საპრეზიდენტო კანონპროექტები შეჯერდება. 

პარლამენტში დღეს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.

საუბარია სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურიდან დათხოვნილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაზრდის საკითხზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ წინადადებებსა და კანონპროექტის საკუთარ ვარიანტზე.

"სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, კარგი იქნება, თუ სამთავრობო და საპრეზიდენტო კანონპროექტები საბოლოოდ შეჯერდება.
"კანონპროექტები, ჩემი აზრით, უნდა შეჯერდეს კიდეც, რადგან მთავრობის პროექტი კონკრეტულად პენსიების ზრდას ეხება, საპრეზიდენტო ვარტიანტში კი საკითხების უფრო ფართო წრეა წარმოდგენილი", - მიაჩნია გიგი წერეთელს.

კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივაზე მსჯელობა გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ამავე კანონში იგივე საკითხზე ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითაც შედის, რომელიც პარლამენტს იანვარში გამართულ რიგგარეშე სესიაზე წარედგინა. საუბარია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთა კომპენსაციებზე და მათი გაანგარიშების მეთოდზე.

პრეზიდენტის პროექტის თანახმად, ძალოვანი სტრუქტურიდან დათხოვნილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გაანგარიშების შემდეგ წესს სთავაზობს მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლებს: - კომპენსაციის 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 1,5%-ის ნამრავლი ძალოვან ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; 55-დან 60 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისათვის ხელფასის 2%-ის ნამრავლი ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; 60-დან 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 2,5%-ის ნამრავლი ძალოვან სტუქტურებში მუშაობის სტაჟზე; 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 3%-ის ნამრავლი ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.

პრეზიდენტის ინიციატივის გათვალისწინებით, კომპენსაციების ნაწილში კანონის დებულებები დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზეც გავრცელდება, რაც სადღეისოდ არ ხდება.

ამავე პროექტით, კანონს ემატება პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის განსხვავებულ ოდენობას.

რაც შეეხება ამ მიმართულებით მთავრობის ხედვებს და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, მათ მიერ შემუშავებული პროექტის გათვალისწინებით, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშებისას, მისი ხელფასი მხედველობაში აღარ მიიღება. კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება მთავრობის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი წესით მოხდება: - 65 წლის ან მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დამატებული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი 2-ზე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის ორგანოებში ნამსახურების წლების ნამრავლი 5-ზე, კადრების სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - 10-ზე, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის - 15-ზე. კომპენსაციის 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კი, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ზემოთ აღნიშნული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის 80%-ს.

პროექტის თანახმად, ამავე პრინციპით გადაანგარიშდება კომპენსაციები სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. გარდა ამისა, კომპენსაციის გადაანგარიშება განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. ასევე ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო, კომპენსაციის მიმღები ოჯახებისთვის.

"სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პირის ასაკი, დათხოვნის მომენტისთვის მისი თანანმდებობრივი სარგო და მუშაობის სტაჟი.