თბილისის მერია მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტის გადახედვას თხოვს

თბილისის მერია მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტის გადახედვას თხოვს

თბილისის მერია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტის გადახედვას თხოვს. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერია განცხადებით ეპასუხება.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურები და უცხოელი კონსულტანტები.

"ფონდის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, რომ ხიდის აშენებით აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს არსებული მდგომარეობით ვეფხისა და მოყმის ძეგლთან მუდმივად არსებობს საცობები. ხიდის აშენების შემდეგ, კი მოძრაობა ორ დონეზე შუქნიშნის გარეშე განხორციელდებოდა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყვეტად გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ასევე, განვითარდებოდა მოძრაობა წერეთლის გამზირსა და ქუთაისის ქუჩაზე", _ ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია სურვილს გამოთქვამს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთხელ გადახედოს აღნიშნულ პროექტს და ხიდის საჭიროებისა და მშენებლობის საკითხი თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან და ექსპერთებთან ერთად განიხილონ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი აღარ აშენდება.