პაატა ზაქარეიშვილი - აგვისტოს ომის შემდეგ გაერო-ს განვითარების პროგრამა ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუშაობს

პაატა ზაქარეიშვილი - აგვისტოს ომის შემდეგ გაერო-ს განვითარების პროგრამა ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუშაობს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაერო-ს განვითარების პროგრამა ერთადერთი ორგანიზაციაა , რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს მუშაობას.

როგორც გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, ჰელენ კლარკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახერხა საერთაშორისო ორგანიზაციების განდევნა საქართველოს ტერიტორიიდან, მათ შორის კონფლიქტის ზონებიდან, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობას ეფექტურად განაგრძობს, ეს არის გაერო-ს განვითარების პროგრამა, რომელიც პროგრამების განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახერხებს.

"ისინი შედარებით შეზღუდულები არიან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, მაგრამ ეფექტურად მუშაობენ აფხაზეთის მიმართულებით. აღარ ვლაპარაკობ იმ პროგრამებზე, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება ზოგადად კონფლიქტებთან დამოუკიდებლად", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა მისი უწყებისთვის მნიშვნელოვანი იყო. მან მადლობა გადაუხადა გაერო-ს განვითარების პროგრამას იმისათვის, რასაც ისინი საქართველოსთვის აკეთებენ.
ზაქარეიშვილის განცხადებით, არსებობს მათ მიერ განხორციელებული უამრავი პროგრამა და პროექტი, სადაც ჩართულია როგორც აფხაზური, ისე ქართული სამოქალაქო საზოგადოება და შედარებით ნაკლები ინტენსივობით უერთდებიან მათ სამხრეთ ოსეთიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

რაც შეეხება ჰელენ კლარკს, მისი განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს მინისტრის ხედვებზე კონფლიქტებთან დაკავშირებით. ასევე მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მინისტრის დიდი გამოცდილება და ამ საკითხებში მისი ღრმა ცოდნა.

გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამა არ არის პოლიტიკური სტრუქტურა. ის ძირითადად ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობს.

"სასიამოვნო იყო მინისტრის ხედვების მოსმენა ამ მიმართულებით, რომელიც სამომავლოდ პროდუქტიული იქნება", - დასძინა ჰელენ კლარკმა.