აზარტული და მომგებიანი თამაშობების უკანონოდ რეკლამირებისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობა დაზუსტდება

აზარტული და მომგებიანი თამაშობების უკანონოდ რეკლამირებისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობა დაზუსტდება

აზარტული და მომგებიანი თამაშობების უკანონოდ რეკლამირებისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობა დაზუსტდება. 

აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამირების შეზღუდვასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის ინიციატივას იურიდიულ კომიტეტზე პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს, თუმცა დეპუტატებმა დაზუსტებები ითხოვეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, კომიტეტი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამირების შეზღუდვას მხარს უჭერს, თუმცა უნდა დაზუსტდეს და მეორე მოსმენამდე ჩამოყალიბდეს კონკრეტული შეზღუდვები და კონკრეტული სანქციები.

თავის მხრივ, კობა დავითაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კანონპროექტი კონსენსუსის გზით იქნეს შემუშავებული და მიღებული. კანონპროექტით აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) რეკლამირებაზე შეზღუდვა წესდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში, ასევე "რეკლამის შესახებ" და "მაუწყებლის შესახებ" კანონში შედის.

კანონპროექტის მიღების მიზანია აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა, მათ შორის საინფორმაციო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.
კანონპროექტი აწესებს შეზღუდვას აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) საჯაროდ რეკლამირებაზე და აწესებს ფულად ჯარიმას უკანონო რეკლამირებისთვის ეკონომიკური აგენტის მაშტაბების შესაბამისად.

კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. ჯარიმის დაკისრება კი ეკონომიკურ აგენტს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.