ეკა ბესელია – კობა დავითაშვილი იყო მსხვერპლი არა მხოლოდ

ეკა ბესელია – კობა დავითაშვილი იყო მსხვერპლი არა მხოლოდ "მაესტროს" ეთერში, არამედ 7 ნოემბერსაც

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს კობა დავითაშვილთან კინკლაობა არასწორად ეჩვენებათ. 

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კობა დავითაშვილის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა, კოლეგების თითოეულ გამონათქვამზე გამოხმაურება სწორი საქციელი არ ჰგონია. ვის გულისხმობდა დოყლაპიებში კობა დავითაშვილი, უცნობია ეკა ბესელიასთვის.

მისი თქმით, დავითაშვილი იყო მსხვერპლი არა მხოლოდ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, არამედ 7 ნოემბერსაც. ბესელიას ინფორმაციით, კოალიციიდან დავითაშვილის გარიცხვაზე საუბარი არ არის.

"ლაპარაკი იყო მეტ სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე. მან არ უნდა იგრძნოს, რომ ჩვენთან რაიმე კომუნიკაციის პრობლემა აქვს. არ უნდა იგრძნოს, რომ გუნდის წევრი არ არის", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კობა დავითაშვილის საკითხის განხილვის აუცილებლობაზე საუბრობს ირაკლი ტრიპოლსკი. მისი თქმით, შესაძლოა ხელისუფლებაში ბევრი დოყლაპია არსებობდეს, თუმცა, კონკრეტულად ვის გულისხმობდა კობა დავითაშვილი, მისთვის უცნობია. "მე საკუთარ თავს დოყლაპიად არ ვთვლი და ვის გულისხმობს კობა დავითაშვილი, ეს თავად მან უნდა თქვას", - აღნიშნა ირაკლი ტრიპოლსკიმ.

"ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ხელისუფლება 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების გამოძიების გაჭიანურებისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ხელისუფლებაში დოყლაპიები არიან".