პოლიტიკური კურსის შესახებ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პოლიტიკური კურსის შესახებ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის შესახებ უმცირესობის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

უმცირესობის წევრის, გიორგი ბარამიძის მომზადებულ კანონპროექტზე ამ წუთებში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობა კანონპროექტის უკან გაწვევას აპირებს, ოპოზიციონერები კომიტეტებს ინიციატივაზე დასკვნის გაკეთებას სთხოვენ.
უმრავლესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კანონპროექტში მთელი რიგი დებულებებისა მათთვის მიუღებელია.

უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ის, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, თავისთავად გულისხმობს იმას, თუ სად არ უნდა გაწევრიანდეს ქვეყანა.
"ნატო-სკენ სვლა დსთ-ში გაწევრიანებას გამორიცხავს. შესაბამისად, ზედმეტია ჩანაწერის გაკეთება, რომ საქართველო არ გაწევრიანდება დსთ-ში", - აღნიშნავენ უმრავლესობის წევრები.
გიორგი ბარამიძის აზრით კი, პრინციპების დონეზე უარყოფითი დასკვნის მიღება, არასწორი იქნება. აღნიშნული კომიტეტები კანონპროექტზე დასკვნას სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოამზადებენ.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, საქართველო განუხრელად გააგრძელებს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური თანამშროლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. გარდა ამისა, პროექტით, უცვლელი რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკა. 

კანონპროექტის მიზანია - "კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კურსის უცვლელობა კანონის ძალით დადასტურდეს". საქართველოს არასოდეს გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ოკუპანტი რუსეთის ფედერაცია - დომინანტი ქვეყანაა. კანონპროექტით იკრძალება რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა.

ამასთან, "ნაციონალების" აზრით, ასევე კანონით უნდა აიკრძალოს, საქართველოში იმ ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგება, რომელსაც ქვეყნის ნებისმიერი ტეირტორია ოკუპირებული აქვს.
ამავდროულად, მომზადებული კანონპროექტით, საქართველო ინარჩუნებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ისწრაფვის დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად.
ამავე კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ არასდროს უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ცვინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამავდროულად, საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.