არჩილ კბილაშვილი:

არჩილ კბილაშვილი: "ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება რთულად, მაგრამ მაინც წინ მიდის"

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ყოფილი ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება რთულად, მაგრამ მაინც წინ მიდის.

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს სასტუმრო "შერატონში" გამართულ კონფერენციაზე “ასი დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავარმა პროკურორმა გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრა, მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება წინ არის წასული, ბევრი ადამიანი დასახელდა, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში და კიდევ სხვა გვარებიც დასახელდება.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, პროკურორის თქმით, ამ ადამიანის გარდაცვალებისა და მისი შემდგომი სტადიები სრულიად იქნა გაყალბებული.

კბილაშვილის თქმით, წინსვლა არსებობს 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით და ასევე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით.