რიჩარდ ნორლანდი - შემრიგებლური ტონი ამყარებს მოლაპარაკებების ფონს

რიჩარდ ნორლანდი - შემრიგებლური ტონი ამყარებს მოლაპარაკებების ფონს

საუბრის ტონი, რომელიც მე მოვისმინე, ერთობ შემრიგებლური იყო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, არსებული შემრიგებლური ტონი ამყარებს მოლაპარაკებების ფონს.

"ჩვენ ვესაუბრეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს. კვალავაც ვისაუბრეთ იგივე საკითხებსა და პრინციპებზე, რომელიც გულისხმობს კანონით მართვას. საუბრის ტონი, რომელიც მე მოვისმინე, ერთობ შემრიგებლური იყო და ვფიქრობ, ეს ამყარებს მოლაპარაკებების ფონს, რომელიც ორ მხარეს შორის დაიწყო, რათა უახლოეს თვეებში მოახდინონ პრობლემის გადაჭრა", - აღნიშნა ნორლანდმა.

"შერატონ მეტეხი პალასში" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.