ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პარტია

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს წევრები ბიზნესცენტრში სრული შემადგენლობით 

შეიკრიბნენ. მათ შორის არიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.

როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, დღევანდელ შეკრებაზე განიხილება ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის იგეგმება პოლიტსაბჭოს მდივნისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევა.

გუგული მაღრაძის ინფორმაციით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი შესაძლოა, პოლიტსაბჭოს წევრი არც იყოს. მას პარტიის მენეჯმენტი დაევალება. მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში პარტიის მართვა კოლექტიური ორგანოს მიერ ახალი ნაბიჯია.

რაც შეეხება კანდიდატურებს, მათ შესახებ პოლიტსაბჭოს წევრები ჯერ არ საუბრობენ.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტსაბჭოს 21 წევრიდან 21-ვე სავარაუდო კანდიდატია. საბოლოო გადაწყვეტილება კი, დემოკრატიულად იქნება მიღებული.

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.