თეა წულუკიანი - ქართველ რიგით მოსამართლეებს შველა ჭირდებათ

თეა წულუკიანი - ქართველ რიგით მოსამართლეებს შველა ჭირდებათ

დღეს ქართველ რიგით მოსამართლეებს შველა ჭირდებათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა. 

სასამართლო რეფორმაზე საუბრისას წულუკიანი არასამთავრობოების იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მათ სწორად არ მიაჩნიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მას შემდეგ, რაც სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ახალი მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევა.

"თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო რეფორმა კარგია და შემოგვაქვს ახალი და კარგი მოდელი, რატომ უნდა დავტოვოთ ძალაში იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც ცუდი მოდელით არიან შერჩეული. როცა ეს კანონი ძალაში შევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლეტქება თავიდან უნდა მოხდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მისი განმარტებით, უწყება გეგმავს ნარკოპოლიტიკის დარგში სერიოზული რეფორმის გატარებასაც.

"შს სამინისტროსთან ერთად გვაქვს საერთო პოზიცია და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ვერ გაუქმდება. ჩვენ ვაპირებთ სერიოზულ რეფორმას ნარკოპოლიტიკის დარგში – ან მთლიანად უნდა დავაკანონოთ ეს პოლიტიკა, რაც ვერ მოხდება, ან თუ გავაუქმებთ ადმინისტრაციულ პატიმრობას, ნარკოდამოკიდებულები სისხლის სამართლის წესით უნდა გავასამართლოთ ანდაც სხვა წესი შემოვიღოთ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, ის გამოეხმაურა საჯარო სამსახურებიდან მოქალაქეების უმიზეზოდ გათავისუფლების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმაციას და აღნიშნა, რომ პირადად მისი უწყებიდან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ადამიანები გათავისუფლდნენ სამსახურიდან.

"იუსტიციის სამინისტრო თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ადამიანმა დატოვა. მე მათ დავუძახე და პირადად ავუხსენი, რატომ ვერ ვითანამშრომლებდი მათთან, ყველა პროცედურა დაცული იყო. მათ ჰქონდათ ერთთვიანი ვადა, რომ ჩემთვის სასამართლოში ეჩივლათ", - აღნიშნა წულუკიანმა.