გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის წყალმომარაგებაზე განმარტებას აკეთებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის წყალმომარაგებაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების თაობაზე მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ქუთაისის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება შემდეგი გრაფიკით: მოსახლეობის 28% აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება; 16% სასმელი წყალი 12-საათიანი (ყოველდღიური) გრაფიკით მიეწოდება, მოსახლეობის 49% სასმელი წყალი ყოველდღიურად 5–6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, ხოლო დარჩენილ 7% - სასმელი წყალი 7–8 საათიანი გრაფიკით.

ამასთან, კომპანია განმარტავს, რომ 28 აგვისტოს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის, ქუთაისის და ფოთის წყალმომარაგების ქსელების მშენებლობისთვის, რომელიც ტარდება აზიის განვითარების ბანკის სატენედრო პროცედურების მიხედვით; კერძოდ, კონტრაქტი ითვალისწინებს რეზერვუარების და სატუმბი სადგურების, წყალმომარაგების სისტემების გადამცემი და გამანაწილებელი ხაზებისა და ფოთში წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. პროექტის მიხედვით, ქუთაისში განხორციელდება შემდეგი სამუშაოები: ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია; ვაჟა–ფშაველას სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია; თეთრამიწის რეზერვუარის მშენებლობა; კლდიაშვილის ქუჩაზე სატუმბი სადგურის მშენებლობა; ტელეანძასთან 1000მ3 რეზერვუარის მშენებლობა; წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზებისა და შიდა ქსელის, ჯამური სიგრძით 52 კმ მშენებლობა; მაღალსართულიან კორპუსებში 40 000 კერძო აბონენტის გამრიცხველიანება; მშენებლობის ვადა მთლიანი სამუშაოებისათვის (ფოთი, ქუთაისი, ანაკლია) შეადგენს 913 დღეს.

"საერთაშორისო ტენდერი ტარდება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი, ერთი კონვერტის სატენდერო პროცედურების შესაბამისად. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდა 2012 წლის 9 ოქტომბერს.

მიმდინარეობს ტენდერის შეფასება. აზიის განვითარების ბანკის სატენდერო პროცედურების თანახმად, შეფასების პროცესი არის კონფიდენციალური. მონაწილეების რაოდენობისა და ტენდერის სირთულიდან გამომდინარე, კონტრაქტის გაფორმების სავარაუდო თარიღია 2013 წლის ივნისი. პროექტის განხორციელების შედეგად 2016 წელს ქალაქ ქუთაისს 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება",-ნათქვამია განცხადებაში.