ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღებ კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს

ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღებ კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს

მივიღებ კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არა - სუბიექტური, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებაზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა.

ღარიბაშვილმა გასული 100 დღის განმავლობაში გაწეული საქმიანობაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ შსს-ში სისტემის რეფორმირების მიზნით რიგი ღონისძიებები გაატარა. მისივე განმარტებით, ახლა მუშაობა მიმდინარეობს პოლიციის რენრედინგზე.

ამასთან, ღარიბაშვილი გამოეხმაურა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, პოლიციის აკადემიის პრორექტორ ლუკა კურტანიძის მიერ ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, დაზარალებული დაიკითხა და ეს იყო პირადი საკითხი.

ირაკლი ღარიბაშვილი თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნავას საქმის ფარგლებში სამსახურიდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლა.
რაც შეეხება ბექა გოჩიაშვილის საქმეს, მასთან დაკავშირებითაც არასამთავრობოებმა კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს, ღარიბაშვილის თქმით, მისი დაკითხვის ფარგლებში მოზარდზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.

"ჩემი დავალებით გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა ეს საკითხი და ზალადობა არ დასტურდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შს მინისტრმა ისაუბრა, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ იყო "სათანადო დონეზე მომზადებული", უშუალოდ შს სამინისტრომ კი მინისტრის განმარტებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთა.