"შერატონში" კონფერეცია "100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" მიმდინარეობს

სასტუმრო "შერატონში" კონფერეცია "100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" მიმდინარეობს.

კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციების – "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ინიციატივთ მიმდინარეობს.

არასამათავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ კონფერეციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციაზე შესავალი სიტყვით არასამთავრობო ორაგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ ყურადღება გარდამავალ მართლმსაჯულებასა და სამართლიანობის აღდგენაზე გაამახვილა.

მისი თქმით, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო ორი საკითხი, პირველი – წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირების გათავისუფლება და მეორე, ამნისტია და პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების პროცესი.

კოჟორიძის თქმით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან კომისიის მუშაობაში იყო ხარვეზები, მათ ჰქონდათ საქმეების განსახილველად შემჭიდროებული დრო, თუმცა მისივე თქმით, პარლამენტის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება დადებითად უნდა შეფასდეს.

ამასთან, კოჟორიძემ ყურადღება გაამახვილა ყოფილი თანამდებობის პირების საქმეების განხილვაზე სასამართლოში. ასევე, ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების საქმეებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების საქმეებზე პოლიტიკური სარჩულის მიკერება, ჯერჯერობით ნაადრევია, ჯერ ამ საქმეებს ანალიზი სჭირდება.

კოჟორიძის თქმით, ერთ-ერთი საქმე რომელზეც არსებობს კრიტიკური შენიშვნა და ბევრი კითხვის ნიშანი, ეს არის ნარკოტიკებისა და იარაღის ტარების ნაწილში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას საქმე.

ამასთან, კოჟორიძის შეფასებით, სასამართლო სისტემაში ბოლო დროს შეინიშნება სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეებში ფიზიკური პირების სასარგებლოდ საქმეების გადაწყვეტა.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებებს, კოჟორიძის შეფასებით, აქ სასამართლო პროკურატურას უფრო თავისუფლად ეპაექრება.

"მთლიანობაში ტენდენცია იმისა, რომ სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობებს მთლიანად არ იზიარებს, დადებითია", - დასძინა კოჟორიძემ.

მან ასევე დადებითად შეაფასა, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა.

მისივე თქმით, ზოგიერთ საქმეზე სამართლებრივ ორგანოებს სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ, ამ კონტექსტში საია-ს თავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებს, ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტს და პოლიციის შენობაში ბექა და ლაშა გოჩიაშვილის დაკითხვის საქმეს ასახელებს.