დავით დარახველიძემ დღეს მიღებაზე მისული 40-მდე დევნილის პრობლემა განიხილა

დავით დარახველიძემ დღეს მიღებაზე მისული 40-მდე დევნილის პრობლემა განიხილა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიღებას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

მინისტრი და მოადგილეები დევნილებს ყოველდღე ხვდებიან და კონკრეტულ საჭიროებებს პირადად ეცნობიან.

სამინისტროს ინფორმაციით, მიღების დღეები დევნილთა უწყებაში არ არსებობდა და ის დავით დარახველიძემ დააწესა.

"დევნილთა ძირითადი საჭიროება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ფართის დაკანონება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სხვა სოციალური საკითხებია. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მიღებაზე მისულ დევნილს მინისტრმა სახლი რეგიონში შესთავაზა. დევნილებმა შეთავაზება მიიღეს და დღეს საკუთარ სახლში ცხოვრობენ. დღეს მინისტრმა მიღებაზე მოსული 40-მდე დევნილის პრობლემა განიხილა", - აცხადებენ სამინისტროში.

მისივე ცნობით, როგორც დევნილები აცხადებენ, მსგავსი შესაძლებელობა არასდროს ჰქონიათ და კმაყოფილები არიან, რომ მინისტრი მათი პრობლემებით პირადად ინტერესდება.

"ვარ უსახლკარო, უმუშევარი, ძალიან გვიჭირს. დევნილობის პერიოდში პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, მინისტრს შევხვედროდით. 20 წლის მანძილზე მინისტრთან კი არა, სამინისტროს შენობაშიც ვერ ვხვდებოდით. მინისტრმა მოგვისმინა, გაიზიარა ჩვენი პრობლემა და დაგვაკვალიანა. აგვიხსნა, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ეტაპები უნდა გავიაროთ, რომ ფართით დავკმაყოფილდეთ", - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა გულნაზ ჩხეტიანმა.

თავის მხრივ კი, მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, დევნილ მოსახლეობასთან მეტი კოორდინაცია, გახსნილობა და ღია ურთიერთობა.

"მალე დავრწმუნდით, რომ საჭირო იყო დევნილებთან კომუნიკაცია და მათი პრობლემების უფრო მეტად გაზიარება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვენიშნა მიღების დღეები. ამ შეხვედრებმა განაპირობა ის, რომ ჩვენ მივიღეთ სრული ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, დევნილები კი იღებენ ინფორმაციას, თუ რა დროში და როგორ შეიძლება, გადაწყდეს მათი პრობლემები. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დევნილთა განსახლების საკითხი მიღების დღეს გადაწყდა. რამდენიმე ოჯახი განვასახლეათ თეთრწყაროში, რამდენიმე ოჯახი გავამგზავრეთ ბათუმში. სამინისტროსა და დევნილებს შორის ნდობის აღდგენა დაიწყო", - განაცხადა მინისტრმა.