ბიძინა ივანიშვილი – გპირდებით, რომ საქართველოში იქნება არნახული ეკონომიკური წინსვლა

ბიძინა ივანიშვილი – გპირდებით, რომ საქართველოში იქნება არნახული ეკონომიკური წინსვლა

გპირდებით, რომ საქართველოში იქნება არნახული ეკონომიკური წინსვლა და ეს მოხდება მეორე, მესამე და მეოთხე წელიწადს" - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა პარტია "ქართული ოცნების"ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მისი მთავრობის მიერ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და გარდა ამისა, ისაუბრა ბიზნესთან სახელმწიფო დამოკიდებულებაზე.

პრემიერის თქმით მთავრობა 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობს და ამ მუშაობის შედეგებს მოსახლეობა უახლოეს მომავალში იგრძნობს.

"ჩვენ შევამცირეთ მილონობით ლარის ხარჯი. საერთოდ ავკრძალეთ ფუფუნებისთვის სახელმწიფოს ფულის ხარჯვა. სანაცვლოდ, სოციალური პრობლემები გადავჭერით არსებული ბიუჯეტითაც კი. მრავალი კუთხით მივხედეთ სოფელს, დავიწყეთ საგაზაფხულო სამუშაოები, გავზარდეთ სტუდენტების დაფინანსება, ვაზღვევთ ყველა მოქალაქეს, გავზარდეთ პენსიები და სოციალური დახმარებები, შემცირდა გადასახადები, დაიწყო ფასების კლება, შევქმენით სამი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ეკონომიკის ფეხზე დაყენებას და ა.შ. გარწმუნებთ, რომ საქართველოში დაიწყება ჭეშმარიტი აღორძინება და ქვეყანა დადგება ფეხზე. რაც შეეხება ბიზნესმენებს მინდა აქედანაც კიდევ ერთხელ ხმამაღლა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება და არავის მივცემთ უფლებას ჩაერიოს თქვენს საქმიანობაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს მიმართა, მათ მოუწოდა მთელი რესურსი საკუთარი თავისა და ქვეყნის წინსვლას მოახმარონ, სანაცვლოდ კი, პირობა დადო, რომ სახელმწიფო ამისთვის შესაფერისი გარემოსა და პირობების შექმნას უზრუნველყოფს.

"დარწმუნებული ვარ, მთელს თქვენს ნიჭს და ცოდნას, ახალგაზრდულ ენერგიეს და შემართებას თქვენს ქვეყანას მოახმართ. ჩვენ კი გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ, რომელიც ყველას მისცემს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.