ბიძინა ივანიშვილი -

ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნება" საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა, "თავისუფალი დემოკრატები" კი - საპრეზიდენტოსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ამოქმედებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებას მიესალმება , თუმცა მიაჩნია, რომ კონსტიტუცია აუცილებლად უნდა გადაიხედოს. 

როგორც პრემიერმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია შეიცავს გაუგონარ ნორმას - საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს ისე დანიშნოს მთავრობა, რომ არ შეუთანხმოს პარლამენტს, ხალხს.
მისი თქმით, მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ამის პრეცედენტი, არსად არ ეძლევა ერთ კაცს იმის შესაძლებლობა, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა და ამით ხალხს მოჰპაროს ძალაუფლება.

"9 წელი გვაცხოვრეს ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუციით ჰქონდა გაფორმებული დიქტატურა. ამიტომაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა აღდგეს ქართველი ხალხის კანონიერი უფლება და დაუბრუნდეს წართმეული ძალაუფლება. ასეთი ცვლილებების აუცილებლობა საპარლამენტო უმცირესობის წევრებსაც კარგად ესმით. ეს რომ ესმით, იმიტომაც შემოგვთავაზეს გონივრული წინადადება, რომ ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსტიტუციის რამდენი ნორმა ახლავე ავამოქმედოთ. მე მივესალმები ყველა გონივრულ აზრს, სახელმწიფოს ინტერესებისათვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს და მჯერა, რომ ამით მხოლოდ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა მოიგებს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ სამომავლოდ ამაზე გაჩერებას. კონსტიტუცია აუცილებლად გადაიხედება, რადგან, სამწუხაროდ, ბევრ სხვა ხარვეზსაც შეიცავს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი აზრით, კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს კონკრეტულ კაცსა და კონკრეტულ ვითარებაზე მორგებული, კონსტიტუციაში არ შეიძლება იყოს ისეთი აბსურდული ჩანაწერი, რომელიც, მაგალითად, საფრანგეთის მოქალაქეს აძლევს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებას, ხოლო თუ იგივე მოქალაქე ამავე დროს საქართველოს მოქალაქეც გახდება, მას უზღუდავს ამ უფლებას, ისევე როგორც პარტიის თავმჯდომარეობის უფლებას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" საპარლამენტო რესპუბლიკის იდეის მომხრეა, თუმცა კოალიციაში არსებობს სხვა მოსაზრებაც, კერძოდ, "თავისუფალი დემოკრატები" საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერენ მხარს.

მას მიაჩნია, რომ აზრთა სხვადასხვაობა სავსებით ნორმალურია და კოალიცია შეთანხმდება, რომ საკითხი კონსესუსის გზით გადაწყდეს.

"საბოლოოდ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ფართო შეთანხმების საგნად იქცეს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელსაც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში აღარ დასჭირდება გადახედვა. ხალხის მონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება არც ერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია გააკონტროლოს ხელისუფლება და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ხელისუფალთ კი უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის მსახურები არიან და არა მათი უფროსები", - დასძინა ივანიშვილმა.