ბიძინა ივანიშვილი - უსამართლობას კანონით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით

ბიძინა ივანიშვილი - უსამართლობას კანონით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეფასა. 

როგორც პრემიერმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას კარგად ესმის სააკაშვილისგან უფლებააყრილი ხალხის, მაგრამ ის, რაც მოხდა, ყოვლად დაუშვებელია.

"მინდა შევეხო იმ დაპირისპირებასაც, რომელიც ამ ბოლო დროს ჩხუბში და ცემა–ტყეპაში გადაიზარდა, მათ შორის პოლიტიკოსების გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ. კარგად მინდა გავაანალიზო, რა მოხდა და რასთან გვქონდა საქმე საჯარო ბიბლიოთეკასთან. მე კარგად მესმის აღელვებული, სააკაშვილისგან უფლებააყრილი ხალხის, რომელიც პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბა. ამას მათ, რა თქმა უნდა, ვერავინ დაუშლის. მაგრამ ის, რაც მერე მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. ახლავე უნდა ვისწავლოთ ის, რომ უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით, რადგან თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ პირადად უნდა გაუსწორდნენ და ასე აგებინონ პასუხი მოძალადეს, - არაფერი გამოვა, ასე სახელმწიფო არ აშენდება", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ერისა და ქვეყნის კულტურა სწორედ აქ ვლინდება, სწორედ სახელმწიფო და კანონია ის ძალა, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეს კაცს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, სხვანაირად, უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს, ძალადობა – ძალადობას, ქიშპი და ანგარიშსწორება აღარ დამთავრდება, ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება.

"მესმის, რომ ძნელია ამის მოსმენა იმ ხალხისთვის, რომელმაც რეჟიმის ძალადობა საკუთარ თავზე იწვნია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს თუ არ შევაჩერეთ, გაცილებით მძიმე შედეგებამდე მივალთ. მე გპირდებით, რომ სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენთ, მაგრამ ეს ცივილიზებულად უნდა მოხდეს, ისე, როგორც ეს ჩვენს დიდი კულტურის ქვეყანას ეკადრება. სამართლიანობის აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, მაგრამ გპირდებით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს კანონის წინაშე! პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით სამართლიანობის აღდგენის გზაზე. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი. ბევრი პატიმარი დაუბრუნდა ოჯახს. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრებიც, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისა თუ განსხვავებული აზრისთვის კრიმინალებად მონათლეს, ადამიანები, რომლებიც უსასტიკეს, შეურცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს", - აღნიშნა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ.

ივანიშვილის თქმით, ახლა პანიკას თესავენ, არიქა, ამნისტიის წყალობით გამოუსწორებელი დამნაშავეები გამოვიდნენ გარეთ და ქვეყანას კრიმინალების თარეში ემუქრებაო.

"ჩვენი სამართლდამცავი ორგანოები არ დაუშვებენ კრიმინალის გაზრდას და ვინც დააშავებს, ყველა სათანადოდ აგებს პასუხს. პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა დამყარდეს. ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის აღარავინ დაისჯება. დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ააშენებ, თუ შენი მოსახლეობა დაშინებული და დაჩაგრულია. სახელმწიფოს სჭირდება სამოქალაქო საზოგადოება, მკვეთრად გამოხატული მისწრაფებებითა და ნებით, და რაც მთავარია, თავისუფალი, ღირსეული, დაფასებული და აქტიური ადამიანი - მოქალაქე. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი და ღირებულება იქნება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა და განმტკიცება. ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ადამიანის ღირსებასა და პირად ცხოვრებას ვერავინ შეეხება, ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო", - მიაჩნია პრემიერს.

მისივე თქმით, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, როდესაც სახელმწიფოს აქვს მმართველობის ჩამოყალიბებული სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს გადაჭარბებულ და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრას ხელისუფლების რომელიმე რგოლში, რომელიმე თანამდებობის პირის ხელში.

"ასეთ სისტემად ჩვენს პარტიას ესახება საპარლამენტო რესპუბლიკა, ძლიერი მთავრობითა და იმ აუცილებელი პირობით, რომ ძალაუფლება გადანაწილდება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების შტოებს შორის" – დასძინა მან.