ბიძინა ივანიშვილი – საქართველო უნდა გახდეს პოლიტიკური შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი

ბიძინა ივანიშვილი – საქართველო უნდა გახდეს პოლიტიკური შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი

საქართველოს უნდა გახდეს პოლიტიკური შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა თანხმობის ადგილი და უნდა ვიზრუნოთ, რომ პოლიტიკურადაც თანხმობის ადგილად იქცეს," – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, როდესაც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის პოლიტიკაზე საუბრობდა. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის მეზობელ ქვეყნებთან დადებითი ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ახალმა მთავრობამ მუშაობა წარმატებით დაიწყო. ამის მაგალითად პრემიერ-მინისტრმა სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში გამართული ვიზიტები დაასახელა და დასძინა, რომ თითოეული მათგანი ცალსახად წარმატებული იყო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშნა თურქეთში გამართული ვიზიტი.

საქართველოს პოლიტიკური თანხმობის ადგილად ქცევაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება რუსეთთან ურთიერთობების არდგენაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პროცესი წარმატებით განახლდა.

ამასთან პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე და მათთან თანაცხოვრების ტრადიციაზეც გაამახვილა.

"მჯერა, რომ ქართულ კულტურაზე აღზრდილი ადამიანი არ განასხვავებს პიროვნებებს მათი რელიგიური თუ კულტურული ღირებულებების გათვალისწინებით. ეს ჩვენი ტრადიციაა. ტრადიციების პატივისცემა და სიახლეების დანერგვა კი, ჩვენი ორი ძირითადი პრინციპია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.