ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "პარტია "ქართული ოცნება" საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ ხალხის გადასაწყვეტია"

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ ხალხის გადასაწყვეტია".

ამის შესახებ ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი პარტია საპარლამენტო რესპუბლიკის იდეის მომხრეა, თუმცა კოალიციაში არსებობს სხვა მოსაზრებაც, კერძოდ, "თავისუფალი დემოკრატები" საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერენ მხარს. აზრთა სხვადასხვაობა სავსებით ნორმალურია და ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს კონსენსუსის გზით გადავწყვეტთ და კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ზუსტად ასეთი ჩანაწერი გავაკეთეთ. საბოლოოდ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ფართო შეთანხმების საგნად იქცეს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელსაც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში აღარ დასჭირდება გადახედვა. ხალხის მონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება არც ერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია გააკონტროლოს ხელისუფლება და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ხელისუფალთ კი უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის მსახურები არიან და არა მათი უფროსები", - განაცხადა ივანიშვილმა.