ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "კონსტიტუცია აუცილებლად გადაიხედება, რადგან სამწუხაროდ, ბევრ ხარვეზს შეიცავს"

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "კონსტიტუცია აუცილებლად გადაიხედება, რადგან სამწუხაროდ, ბევრ ხარვეზს შეიცავს".

ამის შესახებ ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია შეიცავს გაუგონარ ნორმას - პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს ისე დანიშნოს მთავრობა, რომ პარლამენტს, ხალხს არ შეუთანხმოს. მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ამის პრეცედენტი, არსად არ ეძლევა ერთ კაცს იმის შესაძლებლობა, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა და ამით ხალხს მოჰპაროს ძალაუფლება. 9 წელი გვაცხოვრეს ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუციით გაფორმებული დიქტატურა ჰქონდა, ამიტომაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა ქართველი ხალხის კანონიერი უფლება აღდგეს და წართმეული ძალაუფლება დაუბრუნდეს. ასეთი ცვლილებების აუცილებლობა საპარლამენტო უმცირესობის წევრებსაც კარგად ესმით. ეს რომ ესმით, იმიტომაც შემოგვთავაზეს გონივრული წინადადება, რომ ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსტიტუციის რამდენი ნორმა ახლავე ავამოქმედოთ. მე მივესალმები ყველა გონივრულ აზრს, სახელმწიფოს ინტერესებისათვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს და მჯერა, რომ ამით მხოლოდ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა მოიგებს", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ისინი სამომავლოდ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ, კონსტიტუცია აუცილებლად გადაიხედება, რადგან "სამწუხაროდ, ბევრ სხვა ხარვეზსაც შეიცავს".