გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა

გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დედაქალაქის მერის გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა. როგორც უგულავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიებას არ აქვს პასუხები, თუ რატომ არ იმყოფებოდა არც ერთი პოლიციელი სამების მოედანზე და რატომ არ იყვნენ იქ მყოფი პირები გაფრთხილებული, რომ ეროვნულ ბიბლიოოთეკაში ალტერნატიული შესასვლელი არსებობდა.

"ეს მიმაჩნია შეცდომად. რატომ არ იყო კორდონი სამების მოედნისა და ფურცელაძის ქუჩიდან, თუ იქ არსებობდა ალტერნატიული შესასვლელი. რატომ არ გაკეთდა კორდონი პოლიციელების მხრიდან, რომ მოძალადე მხარეს გადმოსვლის საშუალება არ ჰქონოდა და არ მომხდარიყო ის დარბევა, რაც მოხდა. ამაზე პასუხი არ არის ისევე, როგორც იმაზე, დაიკითხება თუ არა მოჩურჩულე ნანა კაკაბაძე", - განაცხადა გიგი უგულავამ, რომელიც ვარაუდობს, რომ 8 თებერვლის ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი დაკითხვა აღარ მოხდება.

ამასთან, უგულავას საეჭვოდ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაიკითხოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან რომელიმე პოლიციელი, რომლებსაც ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი მოეთხოვებათ.

"დაკითხვაზე დეტალურად აღვწერეთ ის პროცესები, რაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია და გადაღებულია არაერთი რაკურსით", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან კომენტარი გააკეთა ასევე ინციდენტის დროს მისი მხრიდან გაკეთებულ შეძახილებზე. დედაქალაქის მერის თქმით, ინციდენტის დროს მისი ხელით ჟესტიკულაცია მიმართული იყო მისი თანმხლები პირების მიმართ.

"ვანიშნებდი დეპუტატებს, რომ ერთად გვევლო, რათა ინდივიდუალური თავდასხმები თავიდან აგვეცილებინა. რაც შეეხება სიტყვა "შოუს", რომელიც ღარიბაშვილმა იაფფასიანი მანიპულირებისთვის გამოიყენა, ეს სიტყვა კონკრეტულ კონტექსტში ვთქვი, კერძოდ, როდესაც კვერცხების სროლა და ლანძღვა მიდიოდა, უსაქმოდ მდგომ პოლიციელებს შევახსენე, რომ წესრიგი უნდა დაემყარებინათ. შემდეგ ერთ კონკრეტულ პირს ვუთხარი, თუ შოუ გინდათ – აგერ თქვენი შოუ-თქო", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, ის კვლავ მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დედაქალაქის მერის დაკითხვა 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში 13:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა.