ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ადგილი რამდენიმე დღეში მოიძებნება"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ადგილი რამდენიმე დღეში მოიძებნება".

ამის შესახებ ივანიშვილმა პარტია "ქართული ოცნების" რიგგარეშე ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ ადგილზე, სადაც წინა ხელისუფლება აზიზიეს მეჩეთის აშენებას გეგმავდა, სამლოცველო არ უნდა აშენდეს.

როგორც ივანიშვილმა განმარტა, წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნულ თემას აჟიტირებას უკეთებდა, მისი ვიზიტისას კი საკითხი სწრაფად დარეგულირდა.

"ბათუმსა და აჭარაში მუსლიმანური მოსახლეობა ბევრია. ასევე არიან ინვესტორები და ტურისტები, რომელთაც სალოცავი ადგილი არ აქვთ. ისინი სალოცავად ეზოში გამოდიან და იქაც ვერ თავსდებიან. საქართველოში მეჩეთის აშენების პრობლემა არ არის. ადგილს აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე იძიებს, რომელიც დელეგაციის წევრი იყო. უახლოეს მომავალში ადგილს მოვიძიებთ და აშენდება მეჩეთი. ამას არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ სჭირდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შედეგად ქართული დელეგაცია და ექსპერტთა ჯგუფები იშხნისა და ოშკის რესტავრაციაზე დაიშვებიან.