პარტია

პარტია "ქართულ ოცნებას" პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს

პარტიას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს. როგორც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ
განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც "ქართუ ჯგუფის" ოფისში გაიმართა.

მისივე ინფორმაციით, პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება, თუმცა საპატიო თავმჯდომარის პოსტს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზრდება და მას დელეგატები 16 თებერვალს, 15:00 საათზე დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევენ.

"ყრილობამ უნდა დაუჭიროს მხარი პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას, ისევე, როგორც სარევიზიო კომისიას. საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს განვიხილავთ. პარტიას ცალკე თავმჯდომარე არ ეყოლება და მის ფუნქციებს პოლიტსაბჭო განახორციელებს. პოლიტსაბჭო აირჩევს პოლიტსაბჭოს მდივანსაც. კანდიდატურებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ყრილობის გადასაწყვეტია",- აღნიშნა მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით კი, ყრილობაზე სხვა ბევრი ორგანიზაციული საკითხიც გადაწყდება.

როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, დელეგატები 73 რაიონიდან ჩამოვლენ. ყრილობას მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.

"ჩვენ მათ წარვუდგენთ ახალ წესდებას. პარტიული სტრუქტურა იქნება განსხვავებული დიამეტრულად და პარტიას ეყოლება კოლექტიური მმართველი ორგანო", - განაცხადა დავით საგანელიძემ.