პაატა ზაქარეიშვილი - პოლიტიკოსები თავს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლებას არ უნდა აძლევდნენ

პაატა ზაქარეიშვილი - პოლიტიკოსები თავს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლებას არ უნდა აძლევდნენ

პოლიტიკოსები თავს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლებას არ უნდა აძლევდნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთ დეპუტატს არ ამართლებს, რადგან მათ თავშეკავება მართებთ როგორც პირდაპირ ეთერში და აუდიტორიის წინაშე, ისე ნებისმიერ სიტუაციაში.
"როდესაც ფიზიკური დაპირისპირება იწყება, ე.ი სხვა არგუმენტი აღარ არსებობს. მამაკაცის სისუსტეა, როცა იგი ფიზიკურ ძალაზე გადადის. მით უმეტეს, ეს დაუშვებელია პოლიტიკოსებისთვის. ჩემთვის ბევრს მოუყენებია შეურაცხყოფა, უარესი სიტყვებიც უკადრებიათ, მაგრამ არასოდეს მიმიყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. თუ ადამიანი შეძლებს, მოთოკოს ემოციები, ამით იგებს. რატიანს აშკარად პირველად უმტყუნა ნერვებმა. შეიძლება სუბიექტური ვარ, თუმცა მან გატეხა ჭიქა პირველმა. თავი უნდა შევიკავოთ. ეს ყველაფერი ჯდება იმ ტემპერატურის აწევის კონტექსტში, რაც არის საქართველოში და რამაც მოიტანა 8 თებერვალი", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.