თეა სიჭინავა - ველოდებოდით მწვავე დებატებს, თუმცა თუ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა, წარმოუდგენელი იყო

თეა სიჭინავა - ველოდებოდით მწვავე დებატებს, თუმცა თუ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა, წარმოუდგენელი იყო

ველოდებოდით მწვავე დებატებს, თუმცა თუ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა, წარმოუდგენელი იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "არგუმენტების" წამყვანმა თეა სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრისას, მის ეთერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი რიგითი გადაცემა, ჩვეულებრივად დაიგეგმა დებატები, თუმცა, მას შემდეგ, რაც დებატები შევიდა ცხარე კამათში და გატყდა ჭიქა, პირადად მას დეტალურად უკვე აღარაფერი ახსოვს. ამასთან, თეა სიჭინავამ თავი შეიკავა მომხდარის შეფასებისგან და აღნიშნა, რომ გადაცემა კვლავ ჩვეულ ფორმატში გაგრძელდება.
ინციდენტის შემდეგ ტელეკომპანია "მაესტროში" იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. როგორც თოქშოუს წამყვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიციელები დაინტერესდნენ გაგრძელდა თუ არა დაპირისპირება ეთერს გარეთ, თუმცა, როგორც სიჭინავა აცხადებს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" დღეს უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 
დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 
სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.