პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაკარგული არ არის

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაკარგული არ არის

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა დაკარგული არ არის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილმა მაგალითად ბელორუსი დაასახელა, რომელთანაც, მისი თქმით, საქართველოს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აქვს, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დსთ-ს წევრი არ არის.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბელორუსმა პატივი სცა საქართველოს ტერიტორიულ მთლინობას და სუვერენიტეტს და მისი ჩართვა სხვადასხვა ევროპულ ფორმატებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბელორუსისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

პრეზიდენტი მოლდოვის ევროპულ პერსპექტივებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გასულ წელს იყო ვარაუდი, რომ მოლდოვასთან ერთად საქართველოს ჰქონდა ევროპული პერსპექტივის მიღების თეორიული შესაძლებლობა.

"ჩემი პრეზიდენტობისას მიიღო საქართველომ ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ვიმედოვნებდი, შეგვეძლო მიგვეღო ასეთივე ჩანაწერი ევროკავშირთან მიმართებაში. თუმცა, ბოლო დროს ამაზე აღარ საუბრობენ. იმედია, ეს უახლოეს პერსპექტივაში დაკარგული არ არის, ისევე, როგორც მალე შეიძლება ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას. არის ბევრი გარემოება, მათ შორის შიდა პრობლემები და ეს სულაც არ მახარებს, რადგან საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია სასიცოცხლო საკითხია. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გადამწყვეტი პერიოდი, შეძლებს თუ არა საქართველო უვიზო მიმოსვლას. რამდენჯერმე გადაიდო ევროკომისარ მალმსტრომის ვიზიტი საქართველოში და იმედია დროზე ჩამოვა. ჩვენ ვმუშაობთ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და იმედი გვაქვს, მოვახერხებთ შიდა პრობლემების გადალახვას და ამ ხელშეკრულებებზე ხელმოწერას", - აღნიშნა სააკაშვილმა.