ალექსეი პუშკოვი – რუსი და ქართველი პარლამენტარები არაფორმალურ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

ალექსეი პუშკოვი – რუსი და ქართველი პარლამენტარები არაფორმალურ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

"რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარები არაფორმალურ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, ორი ქვეყნის ურთიერთობების დალაგების მიზნით" , - ამის თაობაზე ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განუცხადა. ამის შესახებ რია.რუ- იუწყება. 

"ჩვენ სავსებით შეგვიძლია და ამის თაობაზე ვესაუბრე კიდეც საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, ბატონ ჯაფარიძეს, რომ დავიწყოთ წინსვლა ადამიანური კონტაქტების შემსუბუქებისა და რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხებში, ასევე შეგვიძლია განვიხილოთ სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხი, მით უმეტეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია", - განაცხადა პუშკოვმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ ისაუბრონ საინვესტიციო პროექტებზე, ვაჭრობის გაფართოებაზე.

"ბატონ ჯაფარიძესთან ერთად, ჩვენ შევთანხმდით, რომ აპრილში ქართველი და რუსი პარლამენტარებისგან შევქმნით არაფორმალურ სამუშაო ჯგუფს და დავიწყებთ ყველა ამ საკითხის განხილვას, რათა შევქმნათ დადებითი ფონი ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის~, - აღნიშნა პუშკოვმა.