თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს 100-დღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს 100-დღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს 100-დღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. 

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დიპლომატებთან და მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე თეა წულუკიანმა იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა რომლებიც გასული სამი თვის მანძილზე იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტული იყო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოება, ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტის განხორციელება, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, ID-ბარათისადმი დამოკიდებულების კვლევა და ცვლილებები კანონში "ნოტარიატის შესახებ".

"საკითხების პრიორიტეტულობა, მათმა აქტუალურობამ განსაზღვრა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიზანი დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნდობით ისარგებლებს. ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეთა განხილვაში ნაფიც მსაჯულთა ჩართვა, მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფს. შრომის კანონმდებლობის რეფორმა დასაქმებულის უფლებების დაცვისკენაა მიმართული. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა კი - საქართველოს სამართლებრივ სივრცეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვის შესაძლებლობას გააჩენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პროექტები საზოგადოებას დამტკიცებამდე გააცნო, რის შედეგადაც არასამთავრობოებმა და ექსპერტებმა ყველა პროექტი განიხილეს.