ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ძალადობის ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტი საჯარო უნდა გახდეს

ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ძალადობის ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტი საჯარო უნდა გახდეს

ცარისტული და საბჭოთა რუსეთის პერიოდში, ისტორიული ძალადობის ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტი საჯარო უნდა გახდეს და მისი გავრცელების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს. 

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულება უკვე გამოსცა. შესაბამისი დამატებები ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულებაში აისახა.
საუბარია კომისიაზე, რომელიც პრეზიდენტის ბრძნებულებით 2010 წელს შეიქმნა და, რომლის მიზანსა და ამოცანას საქართველოს XIX-XX საუკუნეების ისტორიული მეხსიერების, საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიანი პოლიტიკისა და მისი შედეგების შესწავლა წარმოადგენდა.

კომისიას საფუძვლიანი სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებული დასკვნა-რეპორტის მომზადება დაევალა, სადაც სრულად უნდა იყოს აღწერილი საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტები. ამ თემაზე დასკვნა-რეპორტის წარსადგენად კომისიას რამდენიმეთვიანი ვადა მიეცა - კერძოდ, კომისიის შექმნის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა განკარგულება 2010 წელს გამოსცა, მის სამოქმედო დებულებას 2010 წლის 5 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო დასკვნის წარდგენის ბოლო ვადად 2010 წლის 15 დეკემბერი განისაზღვრა. მაშინ კომისიის თავმჯდომარის პოსტი ისტორიკოსმა, ამერიკის შეერთებული შტატების კენტის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ვასილ რუხაძემ დაიკავა. კომისიის აღმასრულებელ მდივნად მიხეილ სააკაშვილმა პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე დანიშნა. მათთან ერთად ისტორიული სამართლის დადგენას ისტორიკოსებიც შეუდგნენ.
"საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის მიერ 8 თებერვალს ხელმოწერილი ბრძანებულება, რომელშიც ვკითხულობთ: - "სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებული, საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტი, ხელმისაწვდომი და საჯაროა და მისი გავრცელება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" კომისიის აღმსარულებელ მდივანს, თორნიკე შარაშენიძეს დაუკავშირდა, რომლის თქმით, კომისიამ დასკვნა დაწერა, კულტურის სამინისტროს გადასცა, ხოლო შემდგომ რა მსვლელობა მიეცა მას, შარაშენიძისთვის უცნობია. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის განსაჯაროება აქამდე არ მომხდარა.
"მისი გამოცემა - არგამოცემის საკითხი კულტურის სამინისტროს საქმე იყო. გაურკვევლად წავიდა ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე...", - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ორ დასკვნაზე საუბრობს ისტორიკისო სიმონ მასხარაშვილი, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი აქამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა.

"დასკვნა გაკეთდა, მაგრამ არ გამოქვეყნებულა. დოკუმენტი ძალიან კარგია. ის იმაზე მეტია, ვიდრე გათვალისწინებული იყო. თავიდან საუბარი იყო რაპორტის მომზადებაზე, ეს უფრო დიდი და საინტერესო გამოვიდა. არ მესმის აქამდე რატომ არ გამოქვეყნდა და არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი... როცა დოკუმენტის პირველი ვერსია გაკეთდა, ჩვენ ჟურნალისტებმა მოგვაკითხეს, მაგრამ კომენტარი არ მივეცით. პირადად მე არ მომწონდა ტექსტი - პატარა იყო შედარებით. შემდეგ მეორეც გაკეთდა, რომელიც კულტურის სამინისტროს გადაეცა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მასხარაშვილმა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ "ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ყველაფერის გაკეთება მას და თორნიკე შარაშენიძეს მოუწიათ".

ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულებით, კომისიის საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაევალა.

კომისიამ საქმიანობა 2010 წლის 24 დეკემბერს შეწყვიტა.