ზურაბ ჭიაბერაშვილი დასაქმების აგენტებს მიმართავს

ზურაბ ჭიაბერაშვილი დასაქმების აგენტებს მიმართავს

კახეთის გუბერნატორი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მის დაკითხვამდე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, გუბერნატორი დასაქმების აგენტებსა და იმ ოჯახებს მიმართავს, სადაც დასაქმების აგენტები სამუშაოს მაძიებელთა კითხვარებს ავსებდნენ. განცხადებას, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს მეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალურ მომსახურებათა სააგენტოს ყველა თანამშრომელს, სააგენტოს რეგიონულ და რაიონულ ოფისებს, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამაში ჩართულ ყველა აგენტს, შევსებული კითხვარების მონაცემთა ბაზაში შემყვან ყველა ოპერატორს, ბაზის დაზუსტებაზე მომუშავე ყველა სატელეფონო ოპერატორს იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რაც მათ პროგრამის პირველ ეტაპზე, საქართველოს 25 დიდ ქალაქში განახორციელეს და რასაც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით, კოალიცია "ქართული ოცნების" მთავრობას რომ გაეგრძელებინა ეს მეტად საჭირო და აუცილებელი საქმე.

აქვე მინდა ვთხოვო იმ 600 000 ოჯახს, რომელშიც დასაქმების აგენტები შევიდნენ და სამუშაოს მაძიებელთა კითხვარები შეავსეს: ვიდრე კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური ზეწოლის იარაღად ქცეული პროკურატურის ბრალდებებს მოუსმენთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს კითხეთ - იყო თუ არა თქვენს ოჯახში დასაქმების აგენტი. უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, ის თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების საჭიროებებზე და დასაქმებაზე გესაუბრებოდათ თუ რომელიმე პარტიის აგიტაციას ეწეოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მოუსმინეთ გამოძიების ბრალდებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მოუსმინეთ თუნდაც ჩემს განცხადებებს", -ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც ქუთაისის საოლქო პროკურატურაში გუშინ გამართულ პრეკონფერენციაზე აღინიშნა, საქმე ეხება სოციალური მომსახურების სააგენტოში 21 ათასზე მეტი მოქალაქის ფიქტიურად დასაქმების საკითხს, რაც მთავრობის

შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილებით განხორციელდა.

ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დღეს, 12:00 საათზე, ვანო მერაბიშვილი კი, 16:00 საათზეა დაბარებული.