ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი დათო ქვარაია მოინახულა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ზუგდიდიდან იუწყება, მინისტრმა

ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო "რესპუბლიკა" ცოტა ხნის წინ დატოვა.

დაჭრილ პოლიციელს ირაკლი ღარიბაშვილმა საჩუქრად პირადი, "გლოკის" ტიპის იარაღი გადასცა.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დათო ქვარაია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვარაია ღირსეული პოლიციელია. "დათო არის სამაგალითო პოლიციელი. ასე უნდა იქცეოდეს პოლიციელი. მან სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ 3-4 ახალგაზრდა ხმამაღლა საუბრობდა. მივიდა, გაერკვია, არ დარეკა და არ გამოიძახა ჯგუფი, მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ და ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოხდა ის, რაც ვნახეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

პოლიციის ლეიტენანტი დათო ქვარაია ზუგდიდში 12 თებერვალს დაჭრეს. შემავალი ჭრილობა ბასრი საგნითაა მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ქვარაიას ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში მცხოვრები ნექტარ ბ. გუშინვე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეს იძიებს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო.
ინფორმაცია პოლიციის ლეიტენანტის დაჭრის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ გაავრცელა.