თინა ხიდაშელი – წარვადგენ დოკუმენტებს, სადაც საუბარია, რა ღირს უმცირესობის რამდენიმე წევრის ლოიალობა

თინა ხიდაშელი – წარვადგენ დოკუმენტებს, სადაც საუბარია, რა ღირს უმცირესობის რამდენიმე წევრის ლოიალობა "ნაცმოძრაობისთვის"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ამ კვირაში საზოგადოებას უმცირესობასთან დაკავშირებით დოკუმენტებს წარუდგენს.

როგორც ხიდაშელმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, ამ დოკუმენტებში აღნიშნულია, "თუ რა ღირს უმცირესობის რამდენიმე წევრის ლოიალობა "ნაციონალური მოძრაობისთვის".

"ამ კვირაში, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ, მექნება პრესკონფერენცია, სადაც საზოგადოებას წარვუდგენ დოკუმენტებს, სადაც საუბარია, მათ შორის უმცირესობიდან ჩემს რამდენიმე კოლეგაზე, თუ რა ღირს მათი ლოიალობა "ნაციონალური მოძრაობისთვის". მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს გავაცნობ საზოგადოებას, რა ღირდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი კოლეგების ლოიალობა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე.", - განაცხადა ხიდაშელმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მისმა ოპონენტმა უმცირესობიდან, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ "არ იცის რაზე საუბრობს თინა ხიდაშელი".