დავით ბაქრაძე უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ორ მუხლს საშიშს უწოდებს

დავით ბაქრაძე უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ორ მუხლს საშიშს უწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ორ მუხლს საშიშს უწოდებს. როგორც დეპუტატმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა, დოკუმენტის ფორმა, მისი იურიდიული სტატუსი არაადეკვატურია, რადგან ფრაქციათა შეთანხმების საგანი და განსასაზღვრი არ უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

მისი თქმით, ქვეყანა, ნატო-ში გაწევრიანდება თუ არა, ბევრად უფრო მაღალი საკითხია, ვიდრე ფრაქციათა შეთანხმება.

მან საშიში უწოდა დოკუმენტის მე-9 მუხლს, რომელშიც მისივე განმარტებით, საუბარია, იმაზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთიობაში.
"აგაშენათ ღმერთმა, ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ რა დგას რეალურად ამის უკან? რატომაა საქართველო პრობლემა? იმიტომ, რომ ობიექტური პრობლემა არსებობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ მოდით აღარ ვიქნებით პრობლემა, რას ნიშნავს ეს? რომ თვალი დავხუჭოთ, რომ ეს ოკუპაციაა? მაგალითად, ერთ თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ გავემგზავრები იქ ვუთხრა, ჩემს ევროპელ მეგობრებს, რომ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ მე აღარ მინდა ვიყო პრობლემა და თქვენ ნუღარ მიიღებთ რეზოლუციას, ნუღარ გააკრიტიკებთ რუსეთს და მას ნუღარ მოუშლით ნერვებს საქართველოს გამო?! ეს არის ჩვენი პოზიცია?! ეს მუხლი ძალიან წინააღმდეგობრივი და მე ვიტყოდი საშიშია", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, ასევე საშიშია დოკუმენტის კიდევ ერთი - მეშვიდე მუხლი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველო არ უნდა ესწრაფვოდეს, რომ იყოს სტრატეგიული მოთამაშე.
ბაქრაძის თქმით, ყველა ქვეყანა იმისკენ ისწრაფვის, რომ თავისი თავი სტრატეგიულ მოთამაშედ გამოაჩინოს და ქვეყნები ამაზე ზრუნავენ.

"დღეს გამოვაცხადოთ, რომ არანარი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გაქვს და მოდით, ნუ მოგვაქცევთ ყურადღებას?", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამ დოკუმენტში არსად არის დაფიქსირებული, რომ საქართველო პოსტაბჭოთა გაერთიანებების წევრი არასოდეს არ გახდება და ეს ერთ-ერთი საფრთხე და დღეს დღის წესრიგსი არსებული პრობლემაა.

გარდა ამისა, როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ძალიან ბევრი ხალხია დაკითხული და ეს არასტაბილურობის განცდას ქმნის. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ქვეყანას შერიგების გზით წაიყვანს და არა დაპირისპირების გზით.