პრეზიდენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს

პრეზიდენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებას წმინდა პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერს აქვს შიდა ასპექტი.

"ჩვენ ამის აღარ გვეშინია, რადგან ეს პაროდიაც აღარ არის და არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი. დღეს ამბობენ, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ასობით მილიონი მოიპარა და ბენზინის ფასიდან 1 ლარი მათ ჯიბეში მიდიოდა. ვინც ეს სრული იდიოტიზმი დაიჯერა, რატომ არ კითხულობენ, რატომ არ გაიაფდა ბენზინი. მუდამ იყო ჩიჩინი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა კორუმპირებულია, თუმცა ჩვენ ევროპაში კორუფციასთან ნომერ პირველ მებრძოლებად გამოვცხადდით და ეს იმიტომ, რომ არათუ ჩვენ არ ვიპარავდით, სხვებსაც არ ვაპარინებდით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ კორუფციის კუთხით საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას დასაყვედრებელი არაფერი აქვს.

პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, სხვა საკითხებში იყო შეცდომები, თუმცა რაც სწორად გაკეთდა და რა არასწორად, ამას დროთა განმავლობაში ხალხი და ისტორია შეაფასებს.
"თუმცა კორუფციაში ჩათრევასთან დაკავშირებით ბრალდებებს არ მივიღებ. ამას აქვს პოლიტიკური ასპექტი და როცა ასე ვიქცევით და ქვეყანაში ასეთ რეჟიმს ვაყალიბებთ, საგარეო კუთხით პრობლემები შეგვექმნება. გაგვიგრძელდება იმ გზით სვლა, რასაც ევროპული გეზი ჰქვია. ბნელ ოთახში ბნელი კატის ძებნას აზრი არა აქვს, რადგან კატა იქ არ არის და ამგვარი საქციელით რეალურად ქვეყანა ზიანდება. მე ეს მაშინებს და ყველას უნდა ეშინოდეს ამის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნება ის, იმ მთაზე, თუ პარლამენტში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.