მიხეილ სააკაშვილი – შიდა პოლიტიკამ ისტორიული შანსი არ უნდა დაგვაკარგვინოს

მიხეილ სააკაშვილი – შიდა პოლიტიკამ ისტორიული შანსი არ უნდა დაგვაკარგვინოს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩამოვრჩეთ იმ მატარებელს, რომელიც ნოემბერში ვილნიუსიდან გადის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს შანსი, ვილნიუსის სამიტზე დასახელდეს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

"როგორც არასდროს, აქტუალურია დღეს ჩვენი ევროპული ორიენტაციის საკითხი. წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი ვილნიუსში, სადაც საქართველოს აქვს პერსპექტივა დავსახელდეთ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს იქნება ნამდვილად გეოპოლიტიკური გარღვევა და ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე მხრივ, მზად ვართ, ასოცირების ხელშეკრულება იყოს გაფორმებული სწორედ ამ სამიტზე. რა თქმა უნდა, საქართველოს შიგნით აქვს ბევრი განსხვავება და უთანხმოება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენმა შიდა პოლიტიკამ არ დაგვაკარგვინოს ეს ისტორიული შანსი და არ ჩამოვრჩეთ იმ მატარებელს, რომელიც გავა ნოემბერში ვილნიუსიდან, რადგან შემდეგმა მატარებელმა შეიძლება მრავალი წელი აღარ ჩამოიაროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოება და ინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს.

"არ უნდა წავიდეთ არც ერთი სხვა გაერთიანებისკენ, ამიტომ წამოვაყენეთ ინიციატივა, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც ჩავწეროთ ის, რაც წერია ხორვატიის და ლიტვის კონსტიტუციებში, რომ არ შევიდეთ არც ერთ სხვა გაერთიანებაში გარდა ევროკავშირისა და ნატო-სი. ქვეყნის შიგნით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიპოვოთ კონსესუნსი, გადავიდეთ თანამშრომლობის სიტუაციაში და არ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ჩვენს შვილებს გრძელვადიან ევროპულ მომავალს დააკარგვინებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.