ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე კიდევ ერთხელ იბარებენ. ამჯერად მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაშია გამოძახებული. მასთან ერთად დაკითხვაზე დაბარების უწყება გაეგზავნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს.

როგორც ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე აღინიშნა, საქმე ეხება სოციალური მომსახურების სააგენტოში 21 ათასზე მეტი მოქალაქის ფიქტიურად დასაქმების საკითხს, რაც მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილებით განხორციელდა.

"დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით. საქმე ეხება მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 25 ქალაქში ინტენსიურად მიმდინარებდა დასაქმების აგენტების მიერ შესაბამისი კითხვარების შევსება და ელექტრონულ ბაზაში შეყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივისა და 5 ივლისის დადგენილების საფუძველზე 3 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შტატგარეშედ, საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი კონტრაქტები გაუფორმდათ 21 837 პირს, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებით სააღრიცხვო საქმიანობა. როგორც გამოძიებით გაირკვა, 21 837 პირს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუღიათ. მათ არც რაიმე ტრენინგი ჩატარებიათ და არ გადასცემიათ კითხვარები, რომელიც პროგრამის ფარგლებში უნდა შევსებულიყო. მიუხედავად ამისა, სექტემბერში ყველა მათგანს "ლიბერთი ბანკის" შესაბამის ფილიალებში ხელფასის სახით დაერიცხათ 240 ლარი. სულ ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხულია 5 240 880 ლარი. საქართველოს ყველა რაიონში მოწმის სახით დაიკითხა 2 000-ზე მეტი პირი, რომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 21 837 მოქალაქეს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ფარგლებში არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია და მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაწეული აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატებოდა პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობასა და პარტიის ატრიბუტიკის დარიგებაში. ვინაიდან ზემოაღნიშნული თანხის გაცემა მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე, გამოძიების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იმჟამინდელი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ", - აღინიშნა ქუთაისის საოლქო პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მათივე განმარტებით, ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე ხვალ, 13 თებერვალს 14:00 საათზე, ვანო მერაბიშვილი კი იმავე დღეს, 16:00 საათზეა დაბარებული. ოფიციალური ცნობით, ადრესატებს შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ.