დავით საგანელიძე – პრეზიდენტი საკონსტიტუციო ინიციატივების თემით ვაჭრობას ცდილობს

დავით საგანელიძე – პრეზიდენტი საკონსტიტუციო ინიციატივების თემით ვაჭრობას ცდილობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ინიციატივების თემით ვაჭრობას ცდილობს. ამის შესახებ საგანელიძემ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. 

"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს, იმ საკითხზე რაზეც პარლამენტში დებატები გაიმართა და რაც ფაქტობრივად, მისი მოსმენის გადადების ძირითადი მიზეზი გახდა. აქცენტს კი, მიხელ სააკაშვილი აკეთებს ქუთაისიდან პარლამენტის გადატანაზე, რაც საერთოდ ცალკე ინიციატივის სახით არის წარმოდგენილი. ასევე, საუბრობს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესზე, რა საკითხიც პარლამენტში საერთოდ არ არის ინიცირებული. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით მივხვდი, რომ მიხეილ სააკაშვილი აქცენტებს აკეთებს იმისკენ, რომ ივაჭროს იმ საკანონმდებლო ინიციატივებით, რაც კონსტიტუციაში ცვლილებებს ეხება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად მისთვის აღნიშნული თემებით რაიმე ტიპის ვაჭრობა კატეგორულად მიუღებელია.

რაც შეეხება ზოგადად პრეზიდენტთან და მის გუნდთან დაწყებულ მოლაპარაკებებს, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და იმედი აქვს - მსგავსი ურთიერთობები წაადგება ქვეყანას და არსებული პოლიტიკური დაძაბულობას მოხსნის.