"როიტერი" - საქართველო ახალი ფონდით 2 მილიარდიანი ინვესტიციის შემოდინებაზე აკეთებს გათვლას

სააგენტო "როიტერი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სუვერენული ფონდის შექმნას ეხმიანება. სტატიის ავტორი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო მიმდინარე წელს პირდაპირი ინვესტიციების გაორმაგებას და მათი ღირებულების 2 მილიარდიან ნიშნულამდე გაზრდას აპირებს, რასაც ახალი სუვერენული ფონდი შეუწყობს ხელს. 

კოვზანაძის თქმით, ახალი სუვერენული ფონდისთვის სპეციალურად დაიქირავებენ საერთაშორისო ბანკებს, რათა მათ ხელი შეუწყონ ფონდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

"როიტერის" ინფორმაციით, სუვერენული ფონდი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დაფუძნდება, რომელიც 2011 წელს შეიქმნა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. სუვერენული ფონდი ორიენტირებული იქნება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და ინდუსტირულ სექტორებში განსახორციელებლი პროექტების თანადაფინანსებაზე.

კოვზანაძემ "როიტერთან" საუბარში განაცხადა, რომ საერთაშორისო ბანკების მრჩეველების სახით ჩართვა ახალი ფონდის ფორმირების პროცესში, ფონდს საშუალებას მისცემს, დანერგოს ინვესტორთათვის საყოველთაოდ აღიარებული სახელმძღვანელო პრინციპები.

"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ JP Morgan-თან, Credit Suisse-თან და სხვა ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო აქტივების მართვის გამოცდილება. ისინი კონსულტაციებს გაგვიწევენ მომავალი სუვერენული ფონდის მენეჯმენტში," – განაცხადა კოვზანაძემ "როიტერთან" საუბარში.

"როიტერის" ცნობით, ფონდის შემოსავალს ძირითადად სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სარკინიგზო, ნავთობისა და გაზის სექტორის ბიზნესებიდან მიღებული დივიდენდები შეადგენს და, ასევე, ფონდის მიერვე განხორციელებული ინვესტიციების შედეგად მიღებული მოგება.

სტატიის ავტორი წერს, რომ ფონდის სტრუქტურული მოდელი რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მსგავსად ჩამოყალიბდება, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა, რათა თანაინვესტირება მოეხდინა პროექტებში, რომლებიც უცხოური კერძო კაპიტალისა და სუვერენული ფონდების მიერ იყო ინიცირებული.

"როიტერის" მასალის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ინვესტიციების მოზიდვა, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფოში ეკონომიკურ ზრდას, რიგი ბიზნეს აქტორები მას აკრიტიკებდნენ მონოპლიების შექმნისთვის და ფირმებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებისათვის; ასევე გაუმჭვირვალე საგადასახადო კანონმდებლობის შექმნისათვის. სააგენტოს ცნობით, ივანიშვილის მთავრობამ პირობა დადო, რომ აღმოფხვრიდა არსებულ პრობლემებს და კოვზანაძე ირწმუნება, რომ იგი უფრო წარმატებული იქნება უცხოელი ინვესტორების მოზიდვის საკითხში..

"მე წლევანდელ წელს 2 მილიარდამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას ვვარაუდობ, 1 მილიარდით მეტს ვიდრე 2012 წელს," – განუცხადა კოვზანაძემ "როიტერს" – "ინვესტორებს სტაბილურობა, საკუთრების უფლების გარანტიები, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა და ფინანსური სტაბილურობა სჭირდებათ".

"როიტერის" თანახმად, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ იმ ქვეყნებს შორის, ვინც საქართველოში ინვესტირების ინტერესს პირველ რიგში გამოთქვამს, იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი და რუსეთი.