მამუკა ახვლედიანი - კითხვები

მამუკა ახვლედიანი - კითხვები "თეატრალური კვარტეტის" წევრების "თბილსერვისჯგუფში" დასაქმებაზე ჰქონდათ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კითხვები მის მიმართ "თეატრალური კვარტეტის" წევრების "თბილსერვისჯგუფში" დასაქმებაზე ჰქონდათ.

საგამოძიებო სამსახურში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა უკვე დასრულდა. პროცესი სამ საათნახევარს გაგრძელდა. დაკითხვიდან გამოსულმა მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ იგი რამდენიმე დღის წინ "თეატრალურ კვარტეტთან" დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის შესახებ დაკითხეს.

ახვლედიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "თეატრალური კვარტეტის" წევრების დასაქმება "თბილსერვისჯგუფში" მისი რეკომენდაციით მოხდა. მამუკა ახვლედიანის თქმით, დაკითხვების რეჟიმი გრძელდება, რომლის მიზანია საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაშინება და უმრავლესობის დაშლა. ახვლედიანი აცხადებს, რომ ფრაქციის პოზიციები მყარია და მსგავსი რამ არ ემუქრება.

ახვლედიანმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თბილისის მერის მოადგილემ ტარიელ ხიზანეიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ახვლედიანის თქმით, მისთვის უცნობია დატოვა თუ არა თბილისის მერის მოადგილემ თანამდებობა. მანვე აღნიშნა, რომ ხიზანეიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია და სავარაუდოდ, ამაზე კომენტარს თბილისის მერია გააკეთებს.