ჯანდაცვის სამინისტროში დავით სერგეენკოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში დავით სერგეენკოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დღეს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის , ჯუგნა შაჰისა შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ დავით სერგეენკომ და ჯუგნა შაჰიმ განაცხადეს, ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი, რომლის დანერგვასაც 2013-14 წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო წარმართავს, არის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მიდგომა დაავადებებთან დაკავშირებული ჯგუფების DRG (დიაგოზთან შეჭიდებული ჯგუფები, ანუ პაციენტთა კლასიფიკაციის სისტემა მათი დაავადებებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებების მიხედვით) მიხედვით დაფინანსება, აღნიშნული მეთოდი კი ხელს შეუწყობს სისტემის გამჭირვალობის გაზრდას, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი რესურსების ეფექტურ ხარჯვასა და ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას.

როგორც მინისტრმა და უცხოელმა ექსპერტმა განაცხადეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ DRG-ის მეთოდის დაფინანსება უზრუნველყოფს არსებული ფინანსური რესურსების სამართლიან გადანაწილებას ჰოსპიტალებზე, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის საქართველოში და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ისე პაციენტებისთვის მათ საჭიროებებზე ორიენტირებული და ხარჯთეფექტური სერვისების მიწოდებისთვის.

ჯუგნა შაჰის ვიზიტის ფარგლებში შემუშავდა დეტალური სამოქმედო გეგმა და საქართველოში დასანერგად შეირჩა DRG-ის სკანდინავიური მოდელი. უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს სკანდინავიურ მხარესთან აღნიშნული მოდელის ადაპტირებაზე.