ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველ ხალხს პარლამენტის დათხოვნის საკითხის დაყენებას ურჩევს

ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველ ხალხს პარლამენტის დათხოვნის საკითხის დაყენებას ურჩევს

რუსი ჟურნალისტი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველ ხალხს პარლამენტის დათხოვნის საკითხის დაყენებას ურჩევს.

როგორც ნოვოდვორსკაია სოციალურ ქსელ YouTube-ზე გავრცელებულ, ქართველებისადმი ვიდეომიმართვაში საუბრობს, "ეს პარლამენტი კი არა საძაგლების ბუდეა".

"თქვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სახიფათოდ მიმაჩნია. რამდენადაც მომაკვდავმა ზვიად გამსახურდიამ თქვენი თავი მე ჩამაბარა და თქვენზე ზრუნვა დამავალა, როგორც ძველ დისიდენტსა და რუსეთის მიერ თავისი უბედური, ყოფილი კოლონიებისთვის დაგებული ხაფანგების კარგ მცოდნეს, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ ძალიან ცუდი დრო დაგიდგებათ, თუ დაუშვებთ `ქართული ოცნების~, უფრო სწორად რუსეთის იმპერიის ოცნებების ასრულებასა და უკანონობას. თუ თქვენს მიერ არჩეულ პრეზიდენტს (რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, გამოგლიჯა ის და შეძლო მისი მტრისგან დაცვა, აირჩია დასავლური კურსი და გაატარა საოცარი რეფორმები) არ უშვებენ პარლამენტში, ესე იგი, თქვენთან რესტავრაცია მომხდარა. და გახსოვთ, რა იყო მანამდე? მიხეილ სააკაშვილამდე? მიხეილ სააკაშვილამდე თქვენ საბჭოთა მოღვაწე შევარდნაძე გმართავდათ, რომელმაც ჯაბა იოსელიანიც შეიფარა, აფხაზეთთან ომიც წამოიწყო, რის გამოც რუსეთთან შერიგება კიდევ 200 წელი არ მოხდება, თანაც სწორედ მან მოიგონა, რომ საქართველოსთვის მზე სამხრეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან ამოდის. ახლა კი ის თავისუფლებაზე ცხოვრობს, არავინ არტყამს ალყას მის რეზიდენციას და არავინ ცდილობს მის იქ გამოკეტვას, როგორც მიხეილ სააკაშვილისა. არადა, შევარდნაძეზე პოლიტპატიმრების წამებებიც ირიცხება, დახვრეტებიც თვითმფრინავის საქმეზე, უდანაშაულო ადამიანებისაც კი, მათ შორის სასულიერო პირისა, რომელსაც უხეშად რომ ვთქვათ, არ ჩააბარა მას აღსარება თვითმფრინავის გატაცებაზე. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ რატომ არ გამოხვედით საკუთარი სურვილით თქვენი პატარა ქვეყნის მთავარ მოედანზე?! რატომ არ თქვით, რომ აღარ გინდათ გქონდეთ ასეთი პარლამენტი? იმიტომ, რომ თუ პარლამენტი უკანონობას აღვივებს, ეს პარლამენტი არ არის, ეს ქურდული ქოხმახია. თქვენ რა თავად არ იცით, როგორ მოიქცეთ ასეთ შემთხვევებში? რომ უნდა მოითხოვოთ ამ პარლამენტის დათხოვნა? ", - აცხადებს ნოვოდვორსკაია.

მისივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტში მტრები სხედან, რომლებიც არაცივილიზებულად იქცევიან.

"ეს არ არის პარლამენტი, ეს საძაგლების ბუდეა და იქ მტრები სხედან, რომლებიც აბსოლუტურად არაცივილიზებულად იქცევიან. ისინი ცდილობდნენ თქვენს დაპყრობას ამა თუ იმ მეთოდებით, ნინო ბურჯანაძის მცდელობით, ტერორისტების მცდელობით, რომლებსაც თქვენთან აგზავნიდნენ და რომლებიც საომარ დანაყოფებს ქმნიდნენ. ახლა ეს ხალხი, `პოლიტპატიმრების~ სახელით, კრიმინალები და ბანდიტები გამოდიან თავისუფლებაზე და თავიანთ წამებაზე ჰყვებიან. დიდხანს აპირებთ ლოდინს? რუსეთის აგრესიას გინდათ დაელოდოთ? ამ ბუდის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოთ. ყველა თქვენგანი უნდა გამოვიდეს ქუჩებში, თქვენ უნდა მოითხოვოთ პარლამენტის დათხოვნა, სანამ გვიანი არ არის~, - მიმართავს ნოვოდვორსკაია ქართველ ხალხს.