რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტის

რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტის "გასვლა" სხვა თემებზე მის სისუსტეზე მიუთითებდა

პრეზიდენტის "გასვლა" სხვა თემებზე მის სისუსტეზე მიუთითებდა, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მიხეილ სააკაშვილის, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ერთობლივ პრესკონფერენციას.

მისივე განმარტებით, "გადახვევით" სჩანდა, რომ სააკაშვილი მხოლოდ მოლაპარაკებათა ფარგლებში განხილული თემებით "თავს მყარად ვერ გრძნობდა".

"პრესკონფერენციის ტრიბუნასთან მდგარი პრეზიდენტი და უსუფაშვილი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ და, ფაქტობრივად, დებატები გამოვიდა რაღაც ფრაგმენტში. დებატებში უსუფაშვილმა მოახერხა მოლაპარაკების თემის კალაპოტში დარჩენა და ამისკენ პრეზიდენტსაც მოუწოდა, რომელიც "გავიდა" სხვა თემებზე. ეს გასვლა უკვე მიუთითებდა მის სისუსტეს, ანუ გამოჩნდა, რომ იმ თემებში, რაზეც მოლაპარაკებების დროს იყო საუბარი პრეზიდენტი მყარად ვერ გრძნობდა თავს", - აღნიშნა საყვარელიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები დებატების სპეციალისტად ვერ ჩაითვლებიან, იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი მას ყოველთვის თავს არიდებდნენ.
"ეს ხარვეზი ახლა აისახება იმ დებატებში, რომელშიც მათ უწევთ მონაწილეობის მიღება", - აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი სპიკერი დაიჩაგრა.

"ჩანდა, რომ ბაქრაძე დაიჩაგრა, მაგრამ მას ეს დიდად არ აწუხებდა და არც ცდილობდა, რომ წამყვანი ფიგურა გამხდარიყო ამ დუელში", - დასძინა პოლიტოლოგმა.
საქართველოს პრეზიდენტი წუხელ პარლამენტის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, დავით უსუფაშვილმა და დავით ბაქრაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.