კახი კახიშვილი:

კახი კახიშვილი: "სააკაშვილსა და უსუფაშვილს შორის გამართული შეხვედრა პრეზიდენტის მხრიდან დროის გაწელვის მცდელობა იყო"

ექსპერტის საარჩევნო საკითხებში კახი კახიშვილის შეფასებით, გუშინ პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შორის გამართული შეხვედრა, პრეზიდენტის მხრიდან დროის გაწელვის მცდელობა იყო.

როგორც კახიშვილმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, პრეზინდეტი ელჩებთან აქტიურად საუბრობდა მისი უფლებამოსილების დათმობაზე და რიტორიკაც ბევრად შერბილებული ჰქონდა, უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი, პრეზიდენტის საუბარი სიძულვილის ენით იყო გაჯერებული.

"მან ვერ გაიგო, რომ საქართველოს პრეზინდეტია და მოსახლეობას ასე არ უნდა ელაპარაკოს", - აღნიშნა კახიშვილმა.

ექსპერტი საპარლამენტო უმრავლესობას ურჩევს, რომ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში აქტიურად ჩართოს საელჩოები, ვინაიდან მოლაპარაკების პროცესი უფრო პროდუქტიული იყოს. წინააღმდეგ შემთხევაში, ექსპერტის შეფასებით, ეს სააკაშვილის მხრიდან დროის გაწელვის მეთოდს წარმოადგენს.

"იგი მის ტრიბუნის გამოყენებას შეეცდება, რომ საკუთარ მხარდამჭერებს გაუგზავნოს გზავნილები, რომ აქ არის და კარგად არის, ამიტომ ვურჩევ უმრავლესობას, ამ პროცესში ჩართოს ელჩები, რომლებსაც სააკაშვილი მუდმივად ესაუბრება კოჰაბიტაციაზე", - განაცხადა კახიშვილმა.

მისვე თქმით, სააკაშვილი მუდმივად შეეცდება, რომ მის ხელში არსებული ბერკეტი მთავრობის დათხოვნისა, არ დათმოს.

"მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ მთავრობას 4 წელი ვერ დაელოდებიან. თუმცა ეს არც არჩევნების და არც გადატრიალების გზით არ მოხდება, ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა სწორედ სააკაშვილის უფლებამოსილებაა, რომ მთავრობა დაითხოვოს, ეს ბერკეტი ყოველთვის იქნება მის ხელში და შეეცდება, რომ არ დათმოს. კარგი იქნება, რომ მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლითა და დახმარებით პრეზიდენტისთვის ეს ბერკეტი ჩამორთმეულ იქნას", - განაცხადა კახიშვილმა.