ია მეტრეველი

ია მეტრეველი "ვიდეო-პატრულის" ყოფილი ჟურნალისტის ჩვენებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი "ვიდეო-პატრულის" ყოფილი ჟურნალისტის, გოჩა მუკბანიანის ჩვენებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. 

როგორც დღეს, გოჩა მუკბანიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ია მეტრეველმა განაცხადა, სასამართლოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის, გურამ დონაძის 25 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლება სამარცხვინოა. მეტრეველის თქმით, რვა წლის მანძილზე დონაძეს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი.

დღევანდელ ბრიფინგზე გოჩა მუკბანიანმა რობაქიძის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ როცა ის შემთხვევის ადგილის გადასაღებად მივიდა, რობაქიძე ცოცხალი იყო და მანქანაში, რომელშიც ბუტას მეგობრები იყვნენ, იარაღი არ იყო.

"შემთხვევის ადგილზე მოვიდა დონაძე და მიქაძე. მათ მანქანაში ჩაგვისვეს მე და ჩემი ოპერატორი ვაწაძე და გადაღებული კადრები წაგვიშალეს. იმავე საღამოს დონაძემ დამიბარა კაბინეტში და მითხრა, რომ თუკი ამ ამბავზე რაიმე ზედმეტს ვიტყოდი, ჩემს გვამსაც ვერ იპოვიდნენ და ეს მარტო მისი ინტერესი არ იყო", - აცხადებს მუკბანიანი.

მისივე თქმით, იგი "ვიდეო-პატრულიდან" 2009 წელს წამოვიდა და მასზე და მისი ოჯახის წევრებზე დონაძის მხრიდან დღემდე ზეწოლა მიმდინარეობს.