კოკი იონათამიშვილი - გაუგებარია, რა კითხვა ვერ დაუსვეს მამუკა ახვლედიანს 20 საათის განმავლობაში

კოკი იონათამიშვილი - გაუგებარია, რა კითხვა ვერ დაუსვეს მამუკა ახვლედიანს 20 საათის განმავლობაში

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კოკი იონათამიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რა კითხვა ვერ დაუსვეს მამუკა ახვლედიანს 20 საათის განმავლობაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე ამ წუთებში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანი იმყოფება.
ფინანსთა სამინისტროსთან იმყოფებიან საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

მამუკა ახვლედიანი საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით უკვე მეოთხედ იკითხება.

ამ ფაქტის გამო კოკი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული მათ მიერ აღიქმება როგორც პოლიტიკური ზეწოლა. იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ჯამში მამუკა ახვლედიანი სწორედ 20 საათის განმავლობაში იკითხებოდა და მისთვის გაურკვეველია რა დამატებითი გარემოება არსებობს, რომლის გამოც დღეს აუცილებელი გახდა მამუკა ახვლედიანის საგამოძიებო სამსახურში მისვლა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვადასტურებთ, რომ მზად ვართ თანამშრომლობისათვის ყველა ორგანოსთან, მათ შორის პოლიციასთან, თუმცა ეს სისტემურ ხასიათს იღებს და ცოტა კომიკურია", - აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ის ისურვებდა, რომ დაკითხვები არ დაემთხვეს საკრებულოს სხდომებს; საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვიან.