დავით უსუფაშვილი - კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი უპერსპექტივო არაა

დავით უსუფაშვილი - კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი უპერსპექტივო არაა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აფიქსირებს, რომ პრეზიდენტის მიერ მთავრობის ფორმირების საკითხზე შეთანხმება გასაღებია ბევრ სხვა საკითხზე შეთანხმების მიღწევისა .

მისივე თქმით, დღეს საღამოს გამართული შეხვედრის შედეგად კონკრეტული შეთანხემება მიღწეული არ არის, მაგრამ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი უპერსპექტივო არაა. 

"ჩვენ გავიარეთ ყველა საკითხი. შეთანხმებადე ჯერ არ ვართ მისული, თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ დაწყებული დიალოგი უპერსპექტივო არ არის და ეს არ არის არც ერთი მხარისგან პიარ-აქცია. სურვილი იმისა, რომ დარეგულირდეს ვითარება, მოვძებნოთ კონსტიტიციური გამოსავალი მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე, ორივე მხრიდან გააზრებული და გაცნობიერებულია. პრეზიდენტის მიერ მთავრობის ფორმირების საკითხი არის გასაღები ყველა სხვა საკითხზე შეთანხმების მიღწევისა. დეტალებზე არ და ვერ ვისაუბრებ, თუმცა საუბრის პროცესში გამოიკვეთა ახალი შესაძლო სქემები, ვარიანტები, რაზეც საჭიროა დაფიქრება", – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე ცნობით, შიდა განხილვის პროცესი წარიმართება კოალიციაში, ასევე პრეზიდენტის გუნდში და, სავარაუდოდ, ამ თემაზე შეხვედრა ორიოდე დღეში ისევ შედგება.